ტიუდორები (ინგლ.The Tudors) — 2007-2010 წლებში გამოსული ისტორიული სერიალი, რომელშიც მოთხრობილია XVI საუკუნის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური მონარქის, ინგლისის მეფე ჰენრი VIII-ის სამეფო კარის ამბები[1][2]. მის გადაღებებზე მუშაობდნენ ბრიტანელი, კანადელი და ამერიკელი რეჟისორები, თავად სერიალი კი ძირითადად ირლანდიაშია გადაღებული.
ფრანსუა I (მარცხნივ) და ჰენრი VIII (მარჯვნივ), კადრი სერიალიდან, როდესაც ფრანსუა მას მერი ბოლეინს უჩვენებს
სერიალის მოქმედება 1520-იანი წლების ინგლისში იწყება, ჰენრი VIII-ის სამეფო კარზე. ამ დროს მეფეზე დიდი გავლენა აქვს კარდინალ უოლსს. იმავდროულად, მეფესა და დედოფალ კატალინას შორის იწყება გაუცხოება, რის გამოც ჰენრი საყვარელს იჩენს ელიზაბეთ ბლონტთთან, დედოფლის ერთ-ერთ სეფექალთან[3]. ამასთან ერთად, ჰენრი კატალინასთან ერთად საფრანგეთში მიემგზავრება და ხვდება მეფე ფრანსუა I-ს, რათა სამშვიდობო მოლაპარაკებები აწარმოოს. ამ საზეიმო შეხვედრისას ჰენრი თავის ქალიშვილ მერის დანიშნავს ფრანსუას ვაჟზე, ანრიზე. იმავე შეხვედრაზე ფრანსუა თავის ინგლისელ საყვარელს, მერი ბოლეინს ჰენრის უგზავნის. სწორედ აქედან ჩნდებიან სამეფო კარზე მერი და ანა ბოლეინები.
მეფეს მერი ბოლეინი მალევე ბეზრდება, ისევე, როგორც ბლონტი, ამიტომაც თომას ბოლეინი და მისი ცოლისძმა თომას ჰოვარდი ცდილობენ მეფეზე კონტროლის შესანარჩუნებლად იგი ანათი დააინტერსონ. თუმცაღა ანა უარს ამბობს მეფესთან დაწოლაზე ქორწინებამდე, რის გამოც იგი კატალინასთან განქორწინებაზე იწყებს ფიქრს. სწორედ ამ დროს ჩადის ინგლისში კატალინას დისწული, საღვთო რომის იმპერატორი კარლ V, რომელიც დეიდას ჰპირდება, რომ არ დაუშვებს მისი და ჰენრის განქორწინებას.
ამავდროულად ინგლისში ჭირი ვრცელდება. ამასთან, დედოფალ კატალინას გავლენით იწყება კარდინალ უოლსის დაცემა. უკანასკნელ ეპიზოდში კარდინალი უოლსს აპატიმრებენ და ტაუერში გადაჰყავთ.
კარლ V-ის გავლენით რომის პაპი პავლე III უარს ამბობს დედოფალ კატალინასა და მეფე ჰენრის განქორწინებაზე, ვინაიდან მათი ქორწინება კონსუმირებულია, ჰენრი კი ვერ ამტკიცებს, რომ კატალინა თავის პირველ ქმართან და მის ძმასთან, პრინც არტურთან იწვა. ამასთან, ანა ბოლეინი დაჟინებით ითხოვს მეფისგან მოქმედებებს, რის გამოც რომის პაპი ანას მოსაკლავად მკვლელს აგზავნის ლონდონში, თუმცა ამაოდ.
მესამე ეპიზოდში კენტერბერის არქიეპისკოპოსი ჰენრისა და კატალინას ქორწინებას ანულირებულად აცხადებს, რასაც მოჰყვა ინგლისის რომის კათოლიკური ეკლესიისაგან გამოყოფა. მალევე იგი ანას ცოლად ირთავს, თუმცა მოლოდინები ვერ მრთლდება, რამეთუ ახალმა დედოფალმა ორი მოშლილი ორსულობის შემდეგ ჰენრის გოგონა, პრინცესა ელისაბედი გაუჩინა. იმავდროულად, კატალინასთან განქორწინებამ ჰენრის ურთიერთობა გაუფუჭა საღვთო რომის იმპერიასა და ესპანეთთან, ურთიერთობა აირია საფრანგეთთანაც. ამავდროულად, ჰენრი გაუცხოებას იწყებს ანასთან და რომანს აბამს მის სეფექალ ჯეინ სეიმურთან.
მალევე ჰენრის ანასთან განქორწინება სურს და იწყებს მიზეზის ძიებას. იმავე წელს მონასტერში გაგზავნილი დედოფალი კატალინა გარდაიცვალა და პრინცესა მერი სამეფო კარზე ბრუნდება. მალევე ანა ბოლეინსა და მის ძმას, ჯორჯს ბრალი დასდეს ინცესტურ კავშირში და ორივე მათგანს სიკვდილით სჯიან, მათი მამა კი საფრანგეთში მიემგზავრება.
მესამე სეზონი ჰენრის მესამე და მეოთხე ქორწინებებზეა ორიენტირებული. ანა ბოლეინის სიკვდილით დასჯასთან ერთად ჰენრი ჯეინ სეიმურზე ქორწინდება, თუმცა მათი ქორწინება დიდ ხანს არ გაგრძელდა. მართალია დედოფალმა მას ჯანმრთელი ვაჟი, პრინცი ედუარდი გაუჩინა, თუმცა იგი მასზე მშობიარობას გადაჰყვა.
იმავდროულად ინგლისის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ ნაწილში მცხოვრები კათოლიკეები არ ეგუებიან რეფორმაციას და ქვეყანაში არეულობა იწყება. ამის პარალელურად ჰენრი უცხოელი საცოლის ძიებას იწყებს და ითხოვს კარლ V-ის დისწულისა და მილანის ჰერცოგის ქვრივის, კრისტინა დანიელის ხელს, მაგრამ კრისტინასგან უარს იღებს, მისი წინა ცოლების ისტორიებიდან გამომდინარე. საბოლოოდ იგი თავის ახლო მეგობარს, ჩარლზ ბრენდონსა და ელჩებს მიანდობს მისთვის საცოლის შერჩევის საკითხს.
ჰანს ჰოლბაინის ნახატით მოხიბლული კარდინალი პოლი და ელჩები მის საცოლედ იულიხ-კლევ-ბერგის ჰერცოგის დას, ანა კლეველს შეარჩევენ და მას ინგლისშიც ჩაიყვანენ, თუმცა მეფეს იგი არ მოეწონა. თუმცაღა, იგი იძულებულია იქორწინოს ანაზე, რათა ძლივს შემორიგებული გერმანელები ისევ არ გადაიმტეროს, თუმცა მათი ქორწინება ხანმოკლე აღმოჩნდა, ვინაიდან ჰენრი მასთან განქორწინებას მალევე გადაწყვეტს.
ამავდროულად ნორფოლკის ჰერცოგი და ჩარლზ ბრენდონი მეფეს ახალ სასიყვარულო ინტერესს, ლედი ქეთრინ ჰოვარდს აცნობენ, რომელიც ანა ბოლეინს ბიძაშვილად ერგება. მეფესა და ქეთრინს შორის მალევე იწყება რომანი და ჰენრიც სასწრაფოდ ეყრება ანა კლეველს.
მეოთხე სეზონში ჰენრი უკვე ავადდება. საფრანგეთში მიღებული ფეხის ჭრილობა მეფეს თავს ახსენებს და უწყლულდება, ექიმები კი მის მორჩენას ვერაფრით ახერხებენ. ამის მიუხედავად, იგი ახალგაზრდა ქეთრინ ჰოვარდზე ქორწინდება, რომელსაც თავის გერთან, პრინცესა მერისთან ცუდი ურთიერთობა უყალიბდება. იმავდროულად, ანა კლეველი სამეფო კარზე რჩება და კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს როგორც მეფესთან და მის ახალ ცოლთან, ისე მეფის შვილებთან.
ქორწინებიდან მალევე ახალგაზრდა დედოფალი რომანს აბამს თავის ბიძაშვილ თომას კალპეპერთან. როდესაც ამის შესახებ ქეთრინის დედა, ნორფოლკის ჰერცოგინია აგნესა ჰოვარდი შეიტყობს, სამეფო კარზე ჩადის და ცდილობს შვილი შეაჩეროს, თუმცა არაფერი გამოსდის. რამდენიმე კვირაში ჰენრი საიდუმლო წერილს იღებს, რომლიდანაც ქეთრინის ღალატის შესახებ იგებს.
ღალატის გამო ჰენრი სიკვდილით სჯის ქეთრინსაც და თომას კაპეპერსაც და იწყებს ახალი ცოლის ძებნას. ამასობაში საფრანგეთთან ურთიერთობა ისევ ირევა, რის გამოც იგი ალიანსს ქმნის კარლ V-სთან და ეხმარება თურქების წინააღმდეგ ბრძოლაში იმის სანაცვლოდ, რომ იგი კალეს გამაგრებაში ეხმარება. სულ მალე ჰენრი თავისი მესამე ცოლის ძმის, თომას სეიმურის შუამავლობით გაიცნობს ქეთრინ პარს, მოხუცი ჯონ ნევილის ახალგაზრდა მეუღლეს. საქმე კი ისაა, რომ ქეთრინს უკვე ჰყავს თავისი საყვარელი, რომელზე ქორწინებასაც გეგმავს დაქვრივების შემდეგ, თუმცა ჰენრი მას ნიდერლანდებში უშვებს სამუდამო ელჩად. მალევე ჯონ ნევილი კვდება და ჰენრიც სასწრაფოდ ირთავს ქეთრინს ცოლად.
ჰენრის ჯანმრთელობის მდგომარეობა სულ უფრო უარესდება, ამიტომაც მეათე სერიაში იგი თავის ვაჟს, პრინც ედუარდს ტახტის პირველ მემკვიდრედ აცხადებს, ხოლო ბიძამისს, თომას სეიმურს ანიჭებს მომავალი მეფის ლორდ-პროტექტორისა და რეგენტის წოდებას, სანამ იგი გაიზრდება. იმავდროულად, ჰენრი ხვდება რომ დიდი დრო აღარ დარჩა და ჩარლზ ბრენდონს თავისთან იბარებს უკანასკნელად სანახავად. სამეფო კარზე ჩადიან პრინცესა მერი და პრინცესა ელისაბედიც, მათთან ერთად არიან პრინცი ედუარდი და დედოფალი ქეთრინიც, ჰენრის უკანასკნელი სურვილი კი არის, რომ ჰანს ჰოლბაინმა მთელი ოჯახი ასე ერთად დახატოს. იგი ამ სურვილს აისრულებს თუ არა მალევე გარდაიცვლება, ახალი მეფე კი ედუარდ VI ხდება, თომას სეიმურის რეგენტობით, რომელიც მალევე თხოულობს ჰენრის ქვრივის, დედოფალ ქეთრინის ხელს. იგი შეთავაზებაზე თანხმობას იღებს.
კატალინა არაგონელის როლის შემსრულებელი, მარია დოილი კენედი
ანა ბოლეინის როლის შემსრულებელი, ნატალი დორმერი
ჯეინ სეიმურის როლის შემსრულებელი, ანაბელა უოლისი
ანა კლეველის როლის შემსრულებელი, ჯოს სტოუნი
ქეთრინ ჰოვარდის როლის შემსრულებელი, ტამზინ მერჩანტი
ქეთრინ პარის როლის შემსრულებელი, ჯოილი რიჩარდსონი
სარა ბოლჯერი, პრინცესა როლის შემსრულებელიჰენრი კავილი, ჩარლზ ბრენდონის როლის შემსრულებელიტორანს კუმბსი, თომას კალპეპერის როლის შემსრულებელიბლათნედ მაკკეონი (ბავშვობაში) და სარა ბოლჯერი (შემდეგ) — პრინცესა მერი, ჰენრისა და დედოფალ კატალინას ასული;
კეიტ დაგანი (ჩვილობაში), კლერ მაკკოლი (ბავშვობაში) და ლაოიზ მური (შემდეგში) — პრინცესა ელისაბედი, ჰენრისა და დედოფალ ანა ბოლეინის ასული;
ოინ მურტაგი (ჩვილობაში) და ჯეიკ ჰეთეუეი (ბავშვობაში) — პრინცი ედუარდი, ჰენრისა და დედოფალ ჯეინის ვაჟი;
ზაკ ჯენკირაჯიკი — ჰენრი ფიცროი, ჰენრი VIII-ის უკანონო ვაჟი;
გაბრიელ ანვარი — მერი ტიუდორი, ჰენრი VIII-ის და, შემდეგში პორტუგალიის დედოფალი[5];
ჰენრი კავილი — ჩარლზ ბრენდონი, სუფოლკის ჰერცოგი, ჰენრი VIII-ის მეგობარი და შემდეგში სიძე;
ჯეიმზ ფრენი — თომას კრომველი, ესექსის ერლი;
ჯერემი ნორთემი — სირ თომას მური;
ფრენკ მაკკასკერი — თომასი, საუთჰემპტონის ერლი;
ჰენრი ჩერნი — თომას ჰოვარდი, ნორფოლკის ჰერცოგი;
რუტა გედმინატსი — ელიზაბეთ ბლონტი, ჰენრი VIII-ის საყვარელი, ჰენრი ფიცროის დედა;
კოლამ ბლუ — სირ ანტონი ნივერტი;
კრისტენ ჰოლდენი — სირ უილიამ კომპტონი;
სტივენ უედინგტონი — ედუარდ სტაფორდი, ბაკინგემის ჰერცოგი;
ნიკ დანინგი — თომას ბოლეინი, უილტშირის ერლი, დედოფალ ანა ბოლეინისა და მერი ბოლეინის მამა;
პერდიტა უიკსი — მერი ბოლეინი, ჰენრი VIII-ისა და ფრანსუა I-ის საყვარელი, დედოფალ ანა ბოლეინის და;
პადრეკ დილანი — ჯორჯ ბოლეინი, როჩფორდის ვიკონტი, დედოფალ ანა ბოლეინის ძმა;
ჯოან კინგი — ჯეინ ბოლეინი, როჩფორდის ვიკონტესა, ჯორჯ ბოლეინის ცოლი;
ლაურა ლოგლინი — ლედი მარგარეტ შელდონი;
მაქს ბრაუნი — ედუარდ სეიმური, სომერსეტის ჰერცოგი, დედოფალ ჯეინ სეიმურის ძმა;
ემა ჰამილტონი — ანა სეიმური, ჰერტფორდის გრაფინია, დედოფალ ჯეინ სეიმურის და;
ენდრიუ მაკნაირი — თომას სეიმური, დედოფალ ჯეინ სეიმურის მამა;
↑რეალურად მერი საფრანგეთის დედოფალი იყო, თუმცა ვინაიდან სერიალში მოვლენები 1520-იან წლებში იწყება, როცა მერის ქმარი, მეფე ლუი XII უკვე გარდაცვლილი იყო და თანაც სერიალშიც უკვე ჩანს საფრანგეთის მეფე ფრანსუა I, რეჟისორებმა საფრანგეთი პორტუგალიით ჩაანაცვლეს, ვინაიდან არ სურდათ მერის იძულებითი ქორწინების მონაკვეთის ამოღება.